2/16/2012

ი-დებატე!!!


ქვემომდებარე პოსტი არის ერთ-ერთი ბლოგისთვის დაწერილი ჩემი წერილის ctrl+c , ctrl+v .
ესაა ჩემი პირველი წერილი დებატების შესახებ და ვფიქრობ, იმსახურებს ამ ბლოგზეც შეინარჩუნოს პირველობა.

ტელევიზორში “კავკასიაა” ჩართული, სხედან აქუბარდია და მისი სტუმრები, საუბრობენ, ვითომ არკვევენ და დებატები აქვთ გამართული რაღაც-რაღაც საკითხებზე. თუმცა ეს ყველაფერი ვითომ-ვითომ. სინამდვილეში, ერთმანეთს ლაპარაკს არ აცლიან, პირში უვარდებიან, სიტყვას გლეჯენ, საბოლოოდ არცერთის აზრი აღარაა გასაგები, ერთმანეთს ფარავენ და გადაცემაც აზრს კარგავს, ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას დააფიქსიროს ადამიანმა თავისი აზრი, გაარკვიონ რაღაც-რაღაც საკითხები.
“კავკასია” აქ ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლია, უბრალოდ ჩართული იყო და ყურადღებაც იმიტომ გავამახვილე. გარშემო რომ მიმოვიხედოთ, თითქმის ყველგან მსგავსი სიტუაციაა. არ ვიცით ერთმანეთის მოსმენა, რაღაც საკითზე აზრი გაგვაჩნია და ვთვლით, სწორედ ჩვენი აზრია სწორი, რადგან… არანაირი არგუმენტი, უბრალოდ, “მე ასე ვფიქრობ და ე.ი. ეს ასეა”. ზოგს ისიც ჰგონია, რომ რაც უფრო ხმამაღლა იყვირებს თავის აზრს, მით უფრო მართალია (თავი სპარტაში ჰგონიათ, ალბათ).
ასეთი სიტუაცია იყო სკოლაში, ეზოში, უნივერსიტეტშიც აქეთკენ მიდის საქმე, ასე ხდება ტელევიზიაში, რადიოში, ინტერნეტში ხმა არ ისმის, მაგრამ “მე ასე ვფიქრობ” პრინციპი რჩება.
ამ და კიდევ სხვა მიზეზების გამო, “თბილისის თავისუფალ უნივერსიტეტში” რამდენიმე სტუდენტმა ჩამოვაყალიბეთ დებატ-კლუბი. თქვენც მიხვდებოდით და საქართველოში, სამწუხაროდ, ამის კულტურა არ არსებობს. ხოდა, ვინმეს ხომ უნდა დაეწყო და ასე გამოვიდა, რომ ეს “ვინმე” ჩვენ ვართ.  საკმაოზე მეტად დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, ვახერხებთ რაღაც დროის გამონახვას ამ საქმიანობისთვის. სულ რაღაც თვე-ნახევარია ვარსებობთ და უკვე გარკვეულ პროგრესს მივაღწიეთ. სულ მალე, უფრო სწორად, მეორე სემესტრის დასაწყისში კი ვგეგმავთ პირველი ტურნირის გამართვას ლინკოლნ-დუგლასის ფორმატით.
მოხარული ვიქნები, თუ სხვა უნივერსიტეტის სტუდენტებიც შემოგვიერთდებიან, ამიტომაც დავწერ შემდეგ რამდენიმე სიტყვას:
დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, მობრძანდით პრეზენტაციებზე, რომელიც გაიმართება  ”თავისუფალი უნივერსიტეტის” საკონფერენციო დარბაზში შაბათს, 24 დეკემბერს, 12:15 საათზე. 
ასევე, შემოგვიერთდით Facebook-ის გვერდზე 
გმადლობთ, რომ დაუთმეთ ამ პოსტს თქვენი რამდენიმე ოქროს წუთი.